სერგეი ლავროვისა და მარკო რუბიოს შეხვედრის შესახებ განცხადებას რუსული მხარეც ავრცელებს

21:07, 23.09.2026

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრის შესახებ განცხადებას რუსული მხარეც ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი დეტალურად განიხილეს.

„მხარეებმა ბოლო პერიოდში უმაღლეს დონეზე გამართული კონტაქტების გაგრძელების ფარგლებში მოსაზრებები გაცვალეს. უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კიევის რეჟიმსა და მის ევროპელ სპონსორებს შორის მჭიდრო კოორდინაციაზე. მხარეებმა დეტალურად განიხილეს კიევის დესტრუქციული ქმედებები, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიზანმიმართული დარტყმები, რაც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაციას იწვევს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის მხარემ დაადასტურა „უპირობო ერთგულება“ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის მიმართ, მათ შორის კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით დარეგულირების მიმართულებით, მისი „გამომწვევი ძირეული მიზეზების აღმოფხვრის საფუძველზე“.

საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს შორის მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ასევე შეეხნენ საერთაშორისო სამართლის სფეროში ზოგიერთი მრავალმხრივი ინსტიტუტის მხრიდან „არალეგიტიმური პრაქტიკისთვის“ წინააღმდეგობის გაწევის საკითხს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს „დიდი ოცეულის“ სამიტისთვის მზადების საკითხი.

რუსეთის მხარემ ასევე ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორების აუცილებლობას, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების, კულტურულ-ჰუმანიტარული გაცვლების, ქვეყნებს შორის გადაადგილების გამარტივებისა და საზოგადოებებსა და ხალხებს შორის კონტაქტების გააქტიურების საკითხებზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამისთვის აუცილებელია „გამაღიზიანებელი საკითხების“ აღმოფხვრაზე გულწრფელი დიალოგი და ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების საქმიანობის ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება. ერთ-ერთ ასეთ საკითხად კი რუსეთი ასახელებს აშშ-ში რუსეთის კუთვნილი ქონების დაბრუნებას, რომელიც, რუსეთის შეფასებით, ფაქტობრივად ჩამორთმეულია.

უწყების ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე ორ ქვეყანას შორის საგარეო უწყებების დონეზე კონტაქტები გაგრძელდება.

მსგავსი