სერგეი ლავროვი - ვაშინგტონი და ბრიუსელი უარს არ ამბობენ კიევისთვის სამხედრო დახმარებაზე, ისინი ჯერ კიდევ არიან დაინტერესებული, რომ რუსები უკრაინელების ხელებითა და სხეულით შეაკავონ
სერგეი ლავროვი - ვაშინგტონი და ბრიუსელი უარს არ ამბობენ კიევისთვის სამხედრო დახმარებაზე, ისინი ჯერ კიდევ არიან დაინტერესებული, რომ რუსები უკრაინელების ხელებითა და სხეულით შეაკავონ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა.

როგორც ლავროვმა რუსულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობის მიუხედავად, დასავლეთი აგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას.

„ე.წ. რამშტაინის ფორმატი აგრძელებს მოქმედებას, რომლის ფარგლებშიც 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ყოველთვიურად განიხილავს კიევის თხოვნას სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. ტრაგიკულმა მოვლენებმა ახლო აღმოსავლეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინის კრიზისი დასავლური მედიის პირველი გვერდებიდან ჩამოაშორა. თუმცაღა, არამეგობრული ქვეყნების უმეტესობისთვის ბრძოლის ველზე რუსეთის სტრატეგიული მარცხი კვლავ პრიორიტეტად ითვლება“, – ამბობს ლავროვი.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ვაშინგტონი და ბრიუსელი უარს არ ამბობენ კიევისთვის სამხედრო დახმარებაზე, რადგან მათ იციან, რომ მათი დახმარების გარეშე ის განწირულია.

„ისინი ჯერ კიდევ არიან დაინტერესებული, რომ რუსები უკრაინელების ხელებითა და სხეულით შეაკავონ“, – ამბობს ლავროვი.

ლავროვი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას მშვიდობის სურვილი ნაკლებად აქვს.

„მისი წარმომადგენლები ომის კუთხით ფიქრობენ და ძალიან აგრესიულ რიტორიკას მიმართავენ. საუბარი საერთოდ არ არის საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე“, – ამბობს ლავროვი.