სერგეი ლავროვი - უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებულ მდგომარეობას საერთო არაფერი აქვს მსოფლიოში სასურსათო კრიზისთან, მაგრამ დასავლეთი ამისგან საყოველთაო კატასტროფას ხატავს
უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებულ მდგომარეობას საერთო არაფერი აქვს მსოფლიოში სასურსათო კრიზისთან, მაგრამ დასავლეთი ამისგან საყოველთაო კატასტროფას ხატავს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანკარაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
ლავროვის თქმით, უკრაინაში არსებული ვითარება მსოფლიოში საკვების კრიზისს არ გამოიწვევს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი მზად არის, გასცეს პორტების განბლოკვის გარანტიები.
„ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის პრობლემას. ჩვენი დასავლელი კოლეგები და თავად უკრაინელები ამ საკითხის საყოველთაო კატასტროფის კატეგორიაში გაყვანას ცდილობენ. თუმცა ამ უკრაინული მარცვლეულის წილი ხორბლისა და სხვა მარცვლეულის გლობალური წარმოების ერთ პროცენტზე ნაკლებია. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ამ ტიპის მარშრუტების უსაფრთხოებას და გარანტიას ვაძლევთ, რომ როდესაც და თუ უკრაინა გაასუფთავებს ნაღმებისგან და დაუშვებს გემების გაყვანას თავისი პორტებიდან, ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ სიტუაციას მიმდინარე სპეცოპერაციის ინტერესებისთვის. რამდენიმე დღის წინ ბატონმა ზელენსკიმ თქვა, რომ უნდა მისცენ იარაღი, რათა გამოყენოს გემების წინააღმდეგ. ეს აჩვენებს, თუ რის გაკეთება სურთ. უკრაინა თუ მზად არის, დაიწყოს განაღმვა, ჩვენ მზად ვართ იმავეს გასაკეთებლად. რუსეთი არ ქმნის არავითარ დაბრკოლებას გემების გადაადგილებისთვის. ჩვენ არაფერს არ ვზღუდავთ“, – თქვა ლავროვმა.