სერგეი ლავროვი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
სერგეი ლავროვი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შეხვედრა გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, არა აივაზიანთან.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული მიმართულების საკითხების განხილვასთან ერთად, ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებიც განიხილეს. არა აივაზიანის განცხადებით, უმთავრესი საკითხი აზერბაიჯანის მხრიდან სომეხი სამხედრო ტყვეებისა და იძულებით დაკავებული პირების დაბრუნებაა.

მინისტრმა ასევე რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სერგეი ლავროვის განცხადებით, არ არის საჭირო სამშვიდობო პროცესის პოლიტიზება, რადგან ის საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და რეგიონალური ურთიერთობების დაკავშირების საკითხები წყდება.

მინისტრმა რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის მიმართულებით სამმხრივი შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

სერგეი ლავროვი სომხეთში 5 მაისს ჩაფრინდა, სადაც ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.