სერგეი ლავროვი - რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის, მაგრამ ჩვენ არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ყველას, როგორებიც ვართ
სერგეი ლავროვი - რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის, მაგრამ ჩვენ არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ყველას, როგორებიც ვართ

რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის, მაგრამ ჩვენ არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ყველას, როგორებიც ვართ, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, „რუსეთი არ შეჭრილა უკრაინაში“.

„ჩვენ არ შევჭრილვართ უკრაინაში. ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ, როდესაც ჩვენ სხვა არავითარი გზა აღარ დაგვრჩა, აგვეხსნა დასავლეთისთვის, რომ ის დანაშაულებრივი საქმიანობითაა დაკავებული, როდესაც უკრაინას ნატო-ში ითრევს“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვი ასევე ამტკიცებს, რომ საერთაშორისო მაღალჩინოსნები, მათ შორის გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი და გაერო-ს გენერალური მდივანიც არიან დასავლეთის ზეწოლის ქვეშ.

„ისინი ძალიან ხშირად გამოდიან რუპორებად იმ ყალბი ამბებისა, რომლებსაც ავრცელებს დასავლეთი. რუსეთი არ არის თეთრი და ფუმფულა. რუსეთი არის ისეთი, როგორიც არის. და ჩვენ არ გვრცხვენია ჩვენი თავის ჩვენების“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა ასევე ისაუბრა დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობებისთვის „მანევრირების სივრცე აღარ დარჩა, რადგან დიდი ბრიტანეთის მთავრობა ღიად ამბობს, რომ რუსეთის დამარცხება სურს“.

„ბორის ჯონსონი და ლიზ ტრასი ღიად აცხადებენ, რომ მათ რუსეთის დამარცხება სურთ, მათ რუსეთის დაჩოქება სურთ. მიდით, დააჩოქეთ!“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.