სერგეი ლავროვი - რუსეთი ელოდება გარანტიებს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში ხელახლა გაწევრიანებამდე
რუსეთი ელოდება გარანტიებს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში ხელახლა გაწევრიანებამდე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, როგორც კი დაპირებები კონკრეტული გარანტიები გახდება.
„თურქ პარტნიორებს გადავეცით ჩვენი აზრი იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს დასავლეთში, პირველ რიგში, ამ ინიციატივის სიცოცხლისუნარიანობის აღსადგენად“, – განაცხადა ლავროვმა მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან მოლაპარაკების შემდეგ.
მისივე თქმით, ამ წინადადებაში ჯერ კიდევ არ არის გარანტია.
„არის მხოლოდ დაპირება, რომ უფრო სწრაფად და აქტიურად ვცდილობთ, და ყველაფერი იქამდე მიდის, რომ დასავლეთი აფერხებს იმ პრობლემების გადაჭრას, რაც აფერხებს მარცვლეულისა და რუსული სასუქების უფრო აქტიურ ექსპორტს. ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ, ოფიციალურად და მკაფიოდ განაცხადა, რომ როგორც კი მიიღება ზომები – არა შავი ზღვის პაკეტის რუსულ ნაწილზე მოლაპარაკებების შესახებ, არამედ ზომები ყველა იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც შეუსრულებელი დარჩა, მიუხედავად დაპირებებისა. გაერო-ს გენერალური მდივნის ძალისხმევასაც ვაფასებთ, მაგრამ როგორც კი მოლაპარაკებები გადაიქცევა კონკრეტულ გადაწყვეტილებად, იმავე დღეს ჩვენ მზად ვართ, განვაახლოთ მარცვლეულის პაკეტის უკრაინული ნაწილი“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მან და ჰაკან ფიდანმა განიხილეს პუტინის ინიციატივა, რათა მოეწყოს „მილიონ ტონამდე რუსული მარცვლეულის თურქეთში მიწოდება შეღავათიან ფასად, თურქულ საწარმოებში გადასამუშავებლად და მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნებში გადასაზიდად“. ლავროვმა აღნიშნა, რომ კატარი მზად არის, ინიციატივა დააფინანსოს.