სერგეი ლავროვი ნატო-ს ჩინეთის სიახლოვეს დაძაბულობის ესკალაციაში სდებს ბრალს
სერგეი ლავროვი ნატო-ს ჩინეთის სიახლოვეს დაძაბულობის ესკალაციაში სდებს ბრალს

სერგეი ლავროვი ნატო-ს ჩინეთის სიახლოვეს დაძაბულობის ესკალაციაში სდებს ბრალს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომლის მთავარი თემაც ევროპული უსაფრთხოება იყო.

„სამხრეთ ჩინეთის ზღვა ახლა ხდება ერთ-ერთი იმ რეგიონებს შორის, სადაც ნატო სულაც არაა წინააღმდეგი, ისევე, როგორც ოდესღაც უკრაინაში, მოახდინოს დაძაბულობის ესკალაცია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა ასევე თქვა, რომ ნატო ცდილობს, ინდოეთი ჩაითრიოს ანტირუსულ და ანტიჩინურ ალიანსში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ნატო-ს გაფართოების საკითხზე და განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია ჩრდილოატლანტიკული ალიანსის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება.

„დაუფიქრებელი კურსი, რომელიც მიმართული იყო ბლოკის ხელოვნური გაფართოებისკენ, იმ პირობებში, როდესაც ნატო-ს ქვეყნებს არავითარი რეალური საფრთხე არ დამუქრებიათ, იყო გატარებული წინასწარი განზრახვით. მათ სურთ, რუსეთი იყოს ევროპისგან განცალკევებით, ამერიკელებმა კი უკვე დაიმორჩილეს მთელი ევროპა და მთელ ევროკავშირს აკონტროლებენ“, – განაცხადა ლავროვმა.