სერგეი ლავროვი - მთიანი ყარაბაღის ხალხის თანხმობის გარეშე შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია
სერგეი ლავროვი - მთიანი ყარაბაღის ხალხის თანხმობის გარეშე შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მთიანი ყარაბაღის ხალხის თანხმობის გარეშე შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა ერევანში ვიზიტის დროს გააკეთა. ის უკვე შეხვდა თავის სომეხ კოლეგა ზოგრაბ მნაცაკანიანს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს რუსეთი წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც მთიანი ყარაბაღი მოლაპარაკებების მაგიდასთან პროცესის სრულუფლებიან მონაწილედ უნდა დაბრუნდეს, ლავროვმა უპასუხა, რომ „დიალოგის მონაწილეთა შემადგენლობა მხარეებმა თავად უნდა შეათანხმონ და განსაზღვრონ“.

„ჩვენ, როგორც თანათავმჯდომარეთა ჯგუფის წევრებს შეგვიძლია წინ წავწიოთ ეს პროცესი და ვეცადოთ, რომ ის საერთო თანხმობის ფონზე მიმდინარეობდეს. ყველასთვის გასაგებია, რომ მთიანი ყარაბახის ხალხის თანხმობის გარეშე შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია. სომხეთი ამას უბრალოდ მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა ლავროვმა.

სომხეთში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს ხანში რუსი სპეციალისტები მიიღებენ თანხმობას, რათა სომხეთში ბიოლაბორატორიას ეწვიონ. ლავროვის თქმით, ამ საკითხზე მემორანდუმის გაფორმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკება დასრულებულია.

„ეს მემორანდუმი შექმნის დამატებით შესაძლებლობებს, რომ ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში ვითანამშრომლოთ. მიგვაჩნია, რომ ეს კონტაქტები ჩვენს მეზობლებთან, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა ლავროვმა.