სერგეი ლავროვი მოსკოვში ასლან ბჟანიას შეხვდა
სერგეი ლავროვი მოსკოვში ასლან ბჟანიას შეხვდა

რუსეთი აქტიურად შეუწყობს ხელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებულ სახალხო რესპუბლიკებთან კონტაქტების განვითარებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა არაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან მოსკოვში გამართული შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

„დავაფასეთ თქვენი გადაწყვეტილება, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. აქტიურად შევუწყობთ ხელს ამ ახალ სახელმწიფოებთან კონტაქტების განვითარებას. მიმაჩნია, რომ ეს დაეხმარება ჩვენს საერთო გეოპოლიტიკურ სივრცეში ვითარების სტაბილიზაციას“, – აღნიშნა ლავროვმა.

შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბჟანიასა და ლავროვის შეხვედრაზე განხილული იყო ოკუპირებული აფხაზეთის „საერთაშორისო კავშირების გაფართოება“.

„მაღალი შეფასება მიეცა სოხუმის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას და აფხაზეთის მიერ ამ რესპუბლიკებიდან ლტოლვილების მიღებას“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.