სერგეი ლავროვი - გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ ისინი აწარმოებენ მარიონეტულ ომს რუსეთის წინააღმდეგ, რაც ხდება უკრაინელი ნაციონალისტების ხელებით, მაგრამ ეს იქნება მიუღებელი ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი
სერგეი ლავროვი - გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ ისინი აწარმოებენ მარიონეტულ ომს რუსეთის წინააღმდეგ, რაც ხდება უკრაინელი ნაციონალისტების ხელებით, მაგრამ ეს იქნება მიუღებელი ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, თუ დასავლეთი უკრაინას მიაწვდის ისეთ შეიარაღებას, რომლითაც შესაძლებელია დარტყმების მიტანა რუსეთის ტერიტორიაზე, ეს იქნება ნაბიჯი ესკლაციისკენ. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსულ ტელეკომპანაი „რაშა თუდეის“ არაბულ სამსახურთან ინტერვიუში თქვა.

„დასავლეთი გამოდის მოწოდებით, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე დამარცხდეს. ამისთვის კი ომის გაგრძელებაა საჭირო. ამისთვის საჭიროა უკრაინელი ნაციონალისტების შეიარაღების გაგრძელება, ისეთი იარაღით, რომელსაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთის ფედერაციას. სწორედ ასეთ იარაღს მოითხოვს საჯაროდ ზელენსკი. ჩვენ გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ ისინი აწარმოებენ მარიონეტულ ომს რუსეთის წინააღმდეგ, რაც ხდება უკრაინელი ნაციონალისტების ხელებით, მაგრამ ეს იქნება მიუღებელი ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. იმედი მაქვს, საღი აზრის მქონე ადამიანები დასავლეთში, რომლებიც იქ ცოტა დარჩნენ, ამას მიხვდებიან“, – განაცხადა ლავროვმა.

ამავე ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი განზრახ აკავებს ზელენსკის, რომ ის რუსეთთან შეთანხმებაზე არ წავიდეს. ლავროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ითხოვს, რომ მოლაპარაკება პუტინთან შუამავლების გარეშე გაიმართოს და მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა დაიბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებსაც 23 თებერვლამდე აკონტროლებდა, რაც ლავროვის თქმით, შეუძლებელია და ამ პოზიციას დასავლეთი მხარს უჭერს.