სერგეი ლავროვი - ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააშენონ ურთიერთობები საქართველოსთან
სერგეი ლავროვი - ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააშენონ ურთიერთობები საქართველოსთან

ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააშენონ ურთიერთობები საქართველოსთან. იქ არის დიალოგების მექანიზმები, რომლებშიც ჩვენ ვმონაწილეობთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ საკმაოდ დიდი ხნის წინ წარმოადგინა ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროექტი, რომ ამით ნდობის განმტკიცება მოხდეს.

„ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან სასარგებლოა. ახლა საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ჟენევის დისკუსიების დასავლელი მონაწილეები – ევროკავშირი, გაერო, ეუთო, აშშ ცდილობენ, დიალოგის ეს ფორმატიც გახადონ უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების მძევალი. ეს უადგილოა, მე მიმაჩნია, რომ არაპროფესიონალურია. ეს ნიშნავს, რომ ისინი კონკრეტულ რეგიონში კონკრეტულ ამოცანებს განაპირობებენ თავიანთი პოლიტიკური წყენებითა და ახირებებით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლავროვის თქმით, მოხარულია, რომ რუსეთის კონტაქტები საქართველოს მოსახლეობასთან აქტიურად ვითარდება.

„თუმცა, მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი კონტაქტები საქართველოს მოსახლეობასთან აქტიურად ვითარდება. მე მითხრეს, რომ საქართველოს მშპ გაიზარდა 10%-ით, ძირითადად, რუსეთთან ტურიზმისა და სავაჭრო ურთიერთობების საშუალებით. ვიმედოვნებ, მალე შევძლებთ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასაც“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებითვე, 2008 წელს ისევ ნატო-მ ითამაშა თავისი როლი, როდესაც ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა იქნებიან ნატო-ში.

„მე დიდი პატივისცემით ვეპყრობი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომელიც იცავს ღირებულებებს და, ზოგადად, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ქართველ ხალხთან. იყო 2008 წელთან დაკავშირებული ისტორია, რომელიც იმას უკავშირდება, რომ ისევ ნატო-მ ითამაშა თავისი როლი, როდესაც აპრილში ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა იქნებიან ნატო-ში. სააკაშვილს აშკარად „გაექცა“ ემოციები და მან გადაწყვიტა, რომ ეს არის ინდულგენცია. ამასთან, კონდოლიზა რაისი ჩავიდა ერთი თვით ადრე, ვიდრე სააკაშვილი ცხინვალისა და მშვიდობისმყოფელების დაბომბვის ბრძანებას გასცემდა. უკრაინელებს ცოტა მეტი დრო დასჭირდათ, ვიდრე ეს ბუქარესტის იმპულსი იმ ადამიანების ცნობიერებამდე მივიდოდა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ტერიტორიებიდან ყველაფერი რუსული განდევნონ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.