სერგეი ლავროვი - აშშ და მისი ნატოელი თანამგზავრები ქმნიან რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკს, რაც სავსეა კატასტროფული შედეგებით
შეერთებული შტატები და მისი ნატოელი თანამგზავრები ქმნიან რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკს, რაც სავსეა კატასტროფული შედეგებით. ფაქტს, რომ კიევს ეყოლება F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის ტარება, მოსკოვი აღიქვამს, როგორც მუქარას დასავლეთის მხრიდან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„უაღრესად საშიში განვითარების მხოლოდ ერთი მაგალითია აშშ-ის გეგმები F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების კიევის რეჟიმისთვის გადაცემის თაობაზე. ჩვენ ვაცნობეთ აშშ-ის ატომურ ძალებს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს, რომ რუსეთს არ შეუძლია, უგულებელყოს ამ თვითმფრინავების უნარი, ატარონ ბირთვული იარაღი“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასეთი სისტემების გაჩენის ფაქტს რუსეთი დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში შექმნილ საფრთხედ განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა ახალ კოალიციას ქმნის, რომელიც უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გამოყენებაში გაწვრთნის. კოალიციაში უკრაინასთან ერთად 11 ქვეყანა ერთიანდება: დანია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ნიდერლანდების სამეფო, ლუქსემბურგი, ნორვეგია, რუმინეთი, პოლონეთი, პორტუგალია, შვედეთი და კანადა.