სერგეი ლავროვი - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ცალმხრივმა ნაბიჯებმა შეიძლება, მხოლოდ გააუარესოს სიტუაცია, აშშ-ს კრიზისის დასაძლევად ახალი იდეა არ შემოუთავაზებია
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ცალმხრივმა ნაბიჯებმა შეიძლება, მხოლოდ გააუარესოს სიტუაცია და შეერთებულ შტატებს არ შემოუთავაზებია რამე ახალი იდეა კრიზისის დასაძლევად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„რაც მეტი გვექნება ასეთი „ინიციატივა“ რომელიმე სახელმწიფოსგან, მით უფრო დიდი რისკი იქნება კონფლიქტის გაზრდის“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გადაუდებელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებისა და მშვიდობისთვის მუშაობის მექანიზმის მოსაძიებლად ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაყრდნობით.
„ამჟამად არ არსებობს სხვა ორგანო, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნებოდა. თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს აქვს რამე ნათელი იდეა ამის თაობაზე, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ“, – დასძინა ლავროვმა.