სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სერბეთში მისი თვითმფრინავის არშეშვებით, დასავლეთი ბელგრადს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის საშუალებას უსპობს
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სერბეთში მისი თვითმფრინავის არშეშვებით, დასავლეთი ბელგრადს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის საშუალებას უსპობს

სერგეი ლავროვის განცხადებით, სერბეთში მისი თვითმფრინავის არშეშვებით, დასავლეთი ბელგრადს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების საშუალებას უსპობს.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოხდა წარმოუდგენელი რამ და მე მესმის ინტერესი, რომელსაც თქვენ იჩენთ ჩვენი შეფასებით ამ აღმაშფოთებელ ქმედებებთან დაკავშირებით. სუვერენულ სახელმწიფოს ჩამოერთვა საგარეო პოლიტიკის გატარების უფლება. სერბეთის საერთაშორისო აქტივობები რუსეთის მიმართულებით დაბლოკილია. თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასავლეთში აღიქმება, როგორც გლობალური მასშტაბის საფრთხე, მაშინ, როგორც ჩანს, დასავლეთში საქმე ძალიან ცუდად აქვს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა ასევე კომენტარი გააკეთა დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, რაც უფრო შორ მანძილზე მსროლელი იქნება დასავლეთის მხრიდან უკრაინისათვის გადაცემული იარაღი, მით უფრო უკან დაახევინებენ უკრაინელებს რუსეთის საზღვრიდან.

„რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკვე გააკეთა კომენტარი იმ ვითარებაზე, რომელიც შეიქმნება ახალი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, შემიძლია, მხოლოდ დავამატო, რომ რაც უფრო შორ მანძილზე მსროლელ იარაღს მიაწვდით, მით უფრო შორს გავწევთ ჩვენი ტერიტორიიდან იმ ხაზს, საიდანაც ნეონაცისტებს შეეძლებათ დაემუქრონ რუსეთის ფედერაციას“, -განაცხადა ლავროვმა.

გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა თურქეთში ხვალინდელ ვიზიტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთთან ერთად უკრაინის პორტებამდე მისასვლელი გზების განაღმვის და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხებს განიხილავს.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ არა ბოლომდე მივიყვანოთ, ეს ჩვენს ლიდერებს მოუწევთ, არამედ დეტალურად შევძლებთ ვიმუშაოთ იმ ვარიანტებზე, რომლებზეც პრეზიდენტმა ისაუბრა და რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ მათზე, ვინც უნდა დაავალდებულოს უკრაინა უზრუნველყოს საკუთარი პორტების განაღმვა. ჩვენმა თურქმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ მზად არიან დაგვეხმარონ განაღმვაში. ვფიქრობ, ჩვენი სამხედროები შეთანხმდებიან იმაზე, თუ როგორ უნდა მოახდინონ ამის საუკეთესოდ ორგანიზება, რათა შემდეგ დანაღმული გზის გავლით, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას, გემები ღია ზღვაში გავიდნენ, შემდეგ კი ჩვენ დამოუკიდებლად ან თურქ კოლეგებთან ერთად ვიქნებით მათი სრუტეებამდე და შემდგომ ხმელთაშუა ზღვაში გასვლის გარანტორები“, – განაცხადა ლავროვმა.

სერბეთში სერგეი ლავროვის ვიზიტი გაუქმდა, რადგან მის თვითმფრინავს სამმა ქვეყანამ საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა.