სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვენესუელასთან მიმართებაში აშშ საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს
ვენესუელასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას არღვევს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთს აშფოთებს, რომ აშშ-ს და მის მოკავშირეებს ვენესუელის კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდების კურსი აქვთ აღებული.
ლავროვის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ ვენესუელაში ხელისუფლების ძალისმიერი გზით ცვლილება არ უნდა დაუშვას და ვითარება კონსტიტუციის შესაბამისად უნდა მოგვარდეს.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი ვენესუელის მთავრობის დასახმარებლად, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს აკეთებს.
ვენესუელაში დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, 23 იანვარს ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტად გამოაცხადა.