სერენა უილიამსი საკუთარ მწვრთნელს სიცრუეში ამხელს
სერენა უილიამსი საკუთარ მწვრთნელს სიცრუეში ამხელს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა განაცხადა, რომ მის მწვრთნელ, პატრიკ მურატოგლუს, არ უკარნახია მისთვის აშშ-ის ღია პირველობის სკანდალური ფინალის დროს. ტურნირის დასრულების შემდეგ, მურატოგლუმ აღიარა, რომ ნაომი ოსაკას წინააღმდეგ ფინალის დროს, ტრიბუნებიდან კარნახობდა უილიამსს. ამის გამო, ჩოგბურთელი გაფრთხილებით დაისჯა, რამაც სათავე დაუდო ამერიკელის სკანდალს მთავარ მსაჯთან კარლოს რამოსთან.

მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 3:4 იყო ოსაკას სასარგებლოდ, სერენა მსაჯის კოშკურასთან მივიდა და არბიტრს რამდენჯერმე შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მას ერთ გეიმში ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.

„არ მესმის, რაზე ლაპარაკობს ის. მე მას ვკითხე – არანაირი კარნახი არ ყოფილა. ჩვენ არ გვაქვს და არც გვქონია არანაირი სიგნალი. ის ამბობს, რომ ჟესტებით მანიშნებდა და მითითებებს მაძლევდა. რატომ აკეთებს ამას? ამას არანაირი აზრი არ აქვს“, – განაცხადა უილიამსმა „პროჯექტთან“ (The Project) ინტერვიუში.