სერბეთში საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ბლოკირება მოახდინეს
სერბეთში საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ბლოკირება მოახდინეს

სერბეთში საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ბლოკირება მოახდინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

თავდაპირველად სტუდენტები „სერბეთის რადიოსა და ტელევიზიის“ შენობასთან ღამით შეიკრიბნენ, რა დროსაც მათი დაშალა სამართალდამცველებმა სცადეს.

დილის საათებში ასობით ადამიანი ადგილზე კვლავ შეიკრიბა და სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, სულ მცირე, 22-საათიანი ბლოკადა გამოაცხადა. ბლოკადის მიუხედავად, ტელევიზიის მაუწყებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

საპროტესტო მოძრაობის ლიდერები სერბეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციების მიკერძოებულად გაშუქებაში ადანაშაულებენ.

სერბეთში საპროტესტო გამოსვლები 2024 წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით იმართება. აქციის მონაწილეები მომხდარს მთავრობის კორუფციას უკავშირებენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყნის გარედან არის ორგანიზებული და მათ მიზანს ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს.

28 იანვარს ნოვი სადში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გადადგომის შესახებ განაცხადა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე, 2024 წლის დეკემბრის ბოლოს სერბეთის ქალაქ ნოვი სადის პროკურატურამ რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე 13 პირს ბრალი წაუყენა, მათ შორის ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, მის მოადგილეს, რეკონსტრუქციის პროექტის ავტორებსა და სამუშაოების ზედამხედველებს.