სერბეთში საპროტესტო აქციები გრძელდება
სერბეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

სერბეთში სტუდენტებმა და ოპოზიციის აქტივისტებმა, რომლებიც საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, მჯდომარე გაფიცვა გამოაცხადეს.

ისინი აპირებენ, 30 დეკემბრამდე დაბლოკონ სახელმწიფო უწყებების შესასვლელები და ახლომდებარე ქუჩებიც.

სერბეთის ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ 17 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგები ხელისუფლებამ გააყალბა. პროტესტის ნიშნად ხუთმა დეპუტატმა შიმშილობაც კი გამოაცხადა. მოგვიანებით მათგან ორმა ექიმების რეკომენდაციით შიმშილობა შეწყვიტა.

სერბეთის მთავრობა ოპოზიციის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გარე ძალები ცდილობენ.

ცნობისთვის, 17 დეკემბერს გამართულ არჩევნებში სერბეთის მმართველმა პროგრესულმა პარტიამ გაიმარჯვა. ოპოზიციურმა გაერთიანებამ „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ კი მეორე ადგილი დაიკავა.

პროგრესული პარტია და მისი ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთს 2012 წლიდან მართავენ.