სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას „ეიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სერბული მედიის ინფორმაციით, აფეთქება სერბეთის ცენტრალურ რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალების ქარხანა „სლობოდაში“ მოხდა, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი, რომლებიც ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს ქარხანასთან ახლოს მდებარე ქალაქის, ჩაჩაკის მოსახლეობის ევაკუაცია.
ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
აფეთქება ქარხანა „სლობოდაში“ მიმდინარე თვეში მეორედ მოხდა. 4 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად, პერსონალის დროული ევაკუაციის გამო არავინ დაშავებულა.
„სლობოდა“ სერბეთის უმსხვილესი ქარხანაა, რომელიც 1999 წელს, კოსოვოს ომის დროს ნატო-ს ავიათავდასხმების ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდა.