სერბეთში რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
სერბეთში რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. დემონსტრანტები ბელგრადში ძველი რკინიგზის სადგურის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა კორუფციაა, ხოლო ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია.
ამასთან, საპროტესტო აქციები გაიმართა სერბეთის რამდენიმე სხვა ქალაქში, მათ შორის ნოვი-სადში, კრაგუევაცსა და ალექსინაცში.
ცნობისთვის, სერბეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს ქალაქ ნოვი- სადში ახალგარემონტებული სარკინიგზო სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიის შემდეგ სერბეთის მშენებლობის მინისტრმა, გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ის და კიდევ 13 პირი, რომლებიც რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციასთან იყვნენ დაკავშირებულები, დააკავეს.
მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მასშტაბური აქციები არ შეწყდა. დემონსტრანტები ტრაგედიის მიზეზად კორუფციას, დაუდევრობას და უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობას ასახელებენ, რაც, მათი თქმით, გამოწვეულია სერბეთის ხელისუფლებაში არსებული ნეპოტიზმით. 2025 წლის იანვარში აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა. ახალი მთავრობის მეთაური გახდა მედიცინის დოქტორი ჯურომაცუტი, რომლის კანდიდატურაც ამ პოსტზე სერბეთის პრეზიდენტმა წარადგინა. აქციები სერბეთში, 10 თვეა, გრძელდება.