სერბეთში ქვეყნის პრეზიდენტზე, ალექსანდრ ვუჩიჩზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს
სერბეთში ქვეყნის პრეზიდენტზე, ალექსანდრ ვუჩიჩზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.
სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სერბეთის კონსტიტუციური წყობისა და უსაფრთხოების საწინააღმდეგო ქმედებებში, კერძოდ, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩზე თავდასხმის ორგანიზებაში.
როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის თებერვლამდე პერიოდში შეთქმულების მომზადებაში, რაც მიზნად ისახავდა სერბეთის საკონსტიტუციო წყობის ძალადობრივი გზით შეცვლას და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების დამხობას.
სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი მამაკაცი გეგმავდა იარაღის შეძენას და პრეზიდენტ ვუჩიჩსა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმას. ასევე, გამოძიება ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილი პირები გეგმავდნენ ძალადობრივ ქმედებებს სამართალდამცველების წინააღმდეგაც.
დაკავებულ პირებს ბრალი 48 საათში წარედგინებათ, რის შემდეგაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს.
ცნობისთვის, სერბეთში პერიოდულად იმართება ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. საპასუხოდ, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები ქვეყნის გარედან არის პროვოცირებული.