სერბეთში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. ქალაქ ნოვი პაზარში აქციის მონაწილეების პროტესტი პოლიციის ქმედებების წინააღმდეგ იყო მიმართული.
დემონსტრანტები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ. მათ წითელი საღებავი შეასხეს ადგილობრივი პოლიციის განყოფილების შენობას. აქციის მონაწილებიის განცხადებით, ეს იყო პროტესტი დღის პირველ ნახევარში პოლიციის მხრიდან „ძალის გადამეტების“ წინააღმდეგ.
„ეს ვითარება განპირობებულია დილით მომხდარი ინციდენტით, როდესაც პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების წინააღმდეგ, რის გამოც ისინი დაშავდნენ. ეს პროტესტი გამოხატავს ჩვენს უკმაყოფილებას პოლიციის ქმედებების გამო“, – მოჰყავს „როიტერს“ აქციის მონაწილის განცხადება.
სერბეთში ანტისამთავრობო აქციები დაიწყო ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა.
პარალელურად, სერბეთის დედაქალაქში ათასობით მოქალაქე მთავრობის მხარდასაჭერ აქციაზე შეიკრიბა, სადაც სიტყვით პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩიც გამოვიდა. ვუჩიჩს თქმით, საჭიროა ხალხს დაუბრუნდეს კონტროლი სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომლებიც, მისი აზრით, მიტაცებულია.
„ჩვენ არ მივცემთ უფლებას არც გარე და არც შიდა ძალებს, რომ გაანადგურონ ჩვენი ქვეყანა. მათი ფერადი რევოლუცია დასრულებულია“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.