სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ალექსანდრ ვუჩიჩი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინადადებით გამოვიდა
სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ალექსანდრ ვუჩიჩი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინადადებით გამოვიდა

საპროტესტო აქციების ფონზე სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინადადებით გამოვიდა.

როგორც ვუჩიჩმა განაცხადა, ამ ნაბიჯს საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნებისადმი პატივისცემის ნიშნად დგამს. ვუჩიჩის თქმით, არჩევნების თარიღი მოგვიანებით განისაზღვრება.

„როდის? ამას გადაწყვეტენ კომპეტენტური ორგანოები. ხალხი არჩევნებზე აჩვენებს, თუ რა პოლიტიკას უჭერს მხარს“,  – განაცხადა ვუჩიჩმა.

„ფაინენშალ თაიმსთან“ საუბარში სერბეთის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სერბეთში 2026 წლის ბოლომდე გაიმართება.

ცნობისთვის, გასულ დღეებში სერბეთში კვლავ გაიმართა მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებმაც პატივი მიაგეს ერთი წლის წინ ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულებს.

დემონსტრანტების განცხადებით, 16 ადამიანის დაღუპვის მიზეზი იყო სადგურის მშენებლობის დროს გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობა და ხელისუფლებაში არსებული კორუფცია. აქციებისას პოლიციამ 37 ადამიანი დააკავა. სერბეთის პრეზიდენტმა დემონსტრანტები აშშ-ის საელჩოსთან კოორდინირებულ მოქმედებებში დაადანაშულა.

სერბეთში ანტისამთავრობო აქციები, უკვე ერთი წელია, გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში თანამდებობა დატოვა ქვეყნის პრემეირ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა. ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის ჩამონგრევის საქმეზე დააკავეს 12 პირი, მათ შორის სერბეთის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ტომისლავ მომიროვოჩი.