სერბეთში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ გამართულ აქციაზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მოითხოვეს
სერბეთში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ გამართულ აქციაზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მოითხოვეს

სერბეთში, ბოლო პერიოდში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ბელგრადის ცენტრში ძალადობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც მედია წერს, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის გადადგომას, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას და მედიაში ძალადობრივი კონტენტის აკრძალვას მოითხოვენ.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ორი მასშტაბური თავდასხმა მოხდა, რასაც 17 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები ემსხვერპლნენ. დაშავდა 21 ადამიანი. პირველი შემთხვევა 3 მაისს ბელგრადის სკოლაში მოხდა, სადაც 13 წლის მოზარდმა მოსწავლეებს გაუხსნა ცეცხლი. მომდევნო დღეს კი 20 წლის მამაკაცმა ქუჩაში გამვლელებს სროლა აუტეხა.

აქციაზე მოქალაქეებმა სპეციალური საპარლამენტო სესიის დანიშვნაც მოითხოვეს, სადაც ამ თავდასხმებზე მთავრობის რეაგირების საკითხი განიხილება.