სერბეთში ანტისამთავრობო და ხელისუფლების მხარდამჭერი აქციები გაიმართა
სერბეთის ქალაქ კრაგუევაცის ქუჩებში ათასობით სტუდენტმა საპროტესტო მარში მოაწყო. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.
საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქ კრაგუევაცში ბევრი მოქალაქე ბელგრადიდან ჩავიდა. ზოგიერთი აქტივისტი რამდენიმე დღის განმავლობაში ფეხით მიდიოდა დედაქალაქიდან, ასევე ნოვი სადიდან და ნიშიდან. მომიტინგეებმა გადაკეტეს ქალაქის მთავარი გამზირი და 15-წუთიანი დუმილით მიაგეს პატივი 2024 წლის პირველ ნოემბერს ნოვი სადის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 15 ადამიანის ხსოვნას.
სერბეთში 15 თებერვალს სახელმწიფოებრიობის დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სტუდენტები ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ.
პარალელურად, ქალაქ სრემსკა მიტროვიცაში გაიმართა ხელისუფლების მხარდამჭერთა მრავალათასიანი აქცია. „ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, აქციაზე ავტობუსებით ჩაჰყავდათ ხალხი მთელი ქვეყნიდან, ასევე სერბთა რესპუბლიკიდან (ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაწილი).
ცნობისთვის, 2024 წლის პირველ ნოემბერს ქალაქ ნოვი სადის ცენტრალური სარკინიგზო სადგურის შენობაზე ბეტონის სახურავი ჩამოინგრა. შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
ტრაგიკული მოვლენის შემდეგ მალევე ბელგრადში დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებიც დროთა განმავლობაში სერბეთის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დასაჯონ პასუხისმგებელი პირები.
28 იანვარს სერბეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა. როგორც სერბეთის პრემიერმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ნოვი სადის ტრაგედიასთან.