სერბეთმა მონტენეგროდან თვითმფრინავებისა და მგზავრების მიღებაზე უარი თქვა
სერბეთმა მონტენეგროდან თვითმფრინავებისა და მგზავრების მიღებაზე უარი თქვა

სერბეთმა მონტენეგროდან თვითმფრინავების და მგზავრების მიღებაზე უარი თქვა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სერბეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც მონტენეგროს ხელისუფლებამ უარი განაცხადა სერბეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი გაეხსნა, იმ მოტივით, რომ სერბეთში კორონავირუსი ჯერ კიდევ არსებობს.

სერბეთის სამოქალაქო ავიაციის განცხადებით, საპასუხოდ მონტენეგროს ავიახაზებს სერბეთში ფრენა აუკრძალეს.

შეგახსენებთ, რომ მონტენეგროს პრემიერ მინისტრმა 25 მაისს განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავიურისის ეპიდემია დაასრულა და ის „კოვიდ-19“-ისგან თავისუფალია.

ამავე დროს მთავრობამ გადაწყვიტა, გახსნას საზღვრები იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სადაც ყოველ 100 000 მოსახლეზე ინფიცირებულების რაოდენობა 25-ს არ აღემატება. სერბეთში ეს მაჩვენებელი მეტია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სერბეთმა, სადაც ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ბოლო დღებში იკლო, უკვე გახსნა საზღვრები თითქმის ყველა მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის მონტენეგროსთვის.

სერბეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 11 277 შემთხვევა. დაღუპულია 239 ადამიანი.

მონტენეგროში კი, რომლის მოსახლეობაც 631 000-ია, დაფიქსირდა ვირუსის 324 შემთხვევა და ცხრა ადამიანი დაიღუპა.