სერბეთისა და საბერძნეთის ნაკრებების მწვრთნელებმა თებერვლის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობები დაასახელეს
2019 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრები თებერვალში გაიმართება. მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით, ევროპული კალათბურთის ორმა გრანდმა შემადგენლობები უკვე დაასახელა.
აღსანიშნავია რომ, საბერძნეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა, ტანასის სკურტოპულოსმა „ევროლიგაში“ მოასპარეზე მოთამაშეებიც გამოიძახა, მათ შორის „ოლიმპიაკოსიდან“ და „პანათინაიკოსიდან“.
23 და 25 თებერვალს ბერძნები შესაბამისად ესტონეთსა და დიდ ბრიტანეთს დაუპირისპირდებიან. ამ შეხვედრებში. ელადელებს ნიკ კალატესი, ტანასის ანტეტუკონმპო, კოსტას პაპანიკოლაუ, გეორგიოს პრინტეზისი, კოსტას სლუკასი და იან ვუიუკასიც დაეხმარებიან.
სკურტოპულისისგან განსხვავებით, „ევროლიგის“ კლუბებში მოთამაშეების გამოძახებისგან თავი შეიკავა ალექსანდრ ჯორჯევიჩმა. სერბეთის ეროვნული გუნდის დამრიგებელმა აქცენტი კვლავ ახალგაზრდა მოთამაშეებზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრებმა პირველ ორ ტურში ორი გამარჯვება მოიპოვა. ბალკანელებმა საკუთარ მოედანზე ჯერ ავსტრიის, შემდეგ კი საქართველოს ნაკრები დაამარცხეს და ჯგუფს გერმანელებთან ერთად ლიდერობენ. სერბები 23 თებერვალს ფრანკფურტში გერმანიას შეხვდებიან, ხოლო ორ დღეში ვენაში ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშებენ.