ესპანეთის ნაკრებმა სლოვენია დაამარცხა და „ა“ ჯგუფში გალიდერდა
ესპანეთის ნაკრებმა სლოვენია დაამარცხა და „ა“ ჯგუფში გალიდერდა

მეორე ტურის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. დღევანდელი მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს გასული „ევრობასკეტის“ ფინალისტების – ესპანეთისა და სლოვენიის თამაში იწვევდა.

ორივე გუნდმა საგრძნობლად შესუსტებული შემადგენლობით იასპარეზა. ლიდერების არყოფნის მიუხედავად, თამაში საკმაოდ შედეგიანი გამოდგა.

მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ. მეოთხე მეოთხედის სტარტზე სლოვენიელებმა გაიბრძოლეს და ერთ ეპიზოდში მეტოქეს ორ ქულამდე მიუახლოვდნენ.

ევროპის მოქმედი ჩემპიონების რიგებში საუკეთესო კლემენ პრეპელიჩი იყო. „პარი ლევალუას“ კალათბურთელმა 27 ქულა მოაგროვა. 24 ქულა და შვიდი მოხსნა გააკეთა გასპარ ვიდმარმა. ამ ორი კალათბურთელის კარგი თამაშის მიუხედავად, სლოვენიამ 84-92 წააგო.

გამარჯვებულ ესპანეთის ნაკრებში კოლომ ბარუფეტი იყო საუკეთესო – 25 ქულითა და ცხრა შედეგიანი გადაცემით. 21 ქულა მოაგროვა სერხი ვიდალმა.

ორი ტურის შემდეგ, ესპანელები „ა“ ჯგუფში, ორი მოგებით, პირველ ადგილზე არიან.

დღესვე, ამავე ქვეჯგუფში მონტენეგროს ნაკრებმა სტუმრად ბელარუსის ეროვნული გუნდი 91-67 დაამარცხა.