სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე შეთანხმდნენ
სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ბელგრადისა და პრიშტინას დამაკავშირებელი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ხელშეკრულება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაფორმდა.

გამოცემის ცნობით, შეთანხმების ხელმოწერა აშშ-ის შუამავლობით მოხერხდა.

ოფიციალურ ცერემონიალს, სადაც ხელშეკრულება გაფორმდა, სერბეთისა და კოსოვოს ლიდერი, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი ესწრებოდა.

შეთანხმების გაფორმების შემდეგ, როგორც სერბეთის ლიდერმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა, ისე კოსოვოს პრეზიდენტმა, ჰაშიმ ტაჩიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა დადეს.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს აშშ-ის შუამავლობით, ბელგრადსა და პრიშტინას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლაც აღდგა, რომელიც 1998-99 წლების შემდეგ შეწყვეტილი იყო.

სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ერთ წელიწადზე მეტია უარს აცხადებდნენ მოლაპარაკებების განახლებაზე. ამის მიზეზი ტარიფებია, რომელიც კოსოვომ სერბულ პროდუქციაზე 2018 წელს დააწესა.

შეგახსენებთ, რომ კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. მისი დამოუკიდებლობა 100-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა აღიარა. ბელგრადი კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს.

კოსოვოსა და სერბეთის დამაკავშირებელი რკინიგზა დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა სარკინიგზო მაგისტრალი ბელგრადსა და პრიშტინას არ აკავშირებს.

დატოვე კომენტარი