სერბეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კოსოვოს ჯარის შექმნა რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის
სერბეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კოსოვოს ჯარის შექმნა რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის

სერბეთის თავდაცვის მინისტრი ალექსანდრ ვულინი აცხადებს, რომ კოსოვოს ჯარის შექმნა რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის. თავდაცვის მინისტრის განცხადებას სერბული ტელეკომპანია PTC ავრცელებს.

„კოსოვოში ვერ იქნება სხვა შეიარაღებული ძალები KFOR-ის გარდა, ვიდრე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია მოქმედებს“, – განაცხადა ვულინმა.

სერბეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს გაერო-ს რეზოლუციის დაცვა და არ დაუშვას კოსოვოს შეიარაღებული ძალების ფორმირება.

„საერთაშორისო საზოგადოებამ რეზოლუცია #1244-ით აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა კოსოვოსა და მეტოხიაში ვითარებაზე, ასევე სამხრეთ სერბულ პროვინციაში მცხოვრებთა უსაფრთხოებაზე. ახლა დადგა დრო, დავინახოთ, ძალუძს თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი მანდატისა და საკუთარი გადაწყვეტილებების შესრულება“, – განაცხადა სერბეთის თავდაცვის მინისტრმა.

18 ოქტომბერს, კოსოვოს პარლამენტმა დაამტკიცა სამი კანონი, რომლებიც კოსოვოს რეგულარული ჯარის შექმნას უდებს საფუძველს. კენჭისყრა სერბმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.