სერბეთის შვიდი მოქალაქე ტერორიზმისთვის გასამართლდნენ
სერბეთის შვიდი მოქალაქე ტერორიზმისთვის გასამართლდნენ

სერბეთის შვიდი მოქალაქე ტერორიზმისთვის გასამართლდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბელგრადის სასამართლომ ისინი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ცნო დამნაშავედ.

სამ მამაკაცს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ერთს – 10 წლით, ორს – 9,5 წლით, კიდევ ერთს კი – 7,5 წლით.

აღსანიშნავია, რომ სამი ბრალდებულის განაჩენი დაუსწრებლად გამოცხადდა, რადგან ისინი ამ დრომდე იძებნებიან. პროკურატურა ტერორისტებისთვის 12-წლიან სასჯელს ითხოვდა. მათ ბრალად ედებოდათ ტერორისტული დაჯგუფების წევრობა, გადაბირება, ტერაქტების განხორციელებისკენ მოწოდება და ტერორისტული საქმიანობის დაფინანსება.

პროკურატურის მონაცემებით, მსჯავრდებულებმა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად სირიაში გამგზავრებაში სერბეთის 24 მოქალაქეს დაეხმარნენ.