სერბეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი თავისი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს
სერბეთის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი თავისი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

ქალაქ ბელგრადში, სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფისის ორგანიზებით, საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა ღია გამოფენა „საქართველო – უსაფრთხო ტურისტული მიმართულება“.

საქართველოს დიპლომატიური მისიების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოფენა გახსნეს სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ილია კობერიძემ, სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულმა დრაგან შაგოვნოვიჩმა და სერბეთის შრომის, დასაქმების, ვეტერანებისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ზორან ჯორჯევიჩმა.

ილია კობერიძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს და დამსწრე საზოგადოებას გამოფენის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობისთვის.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში გამოფენისთვის საგანგებოდ შეირჩა ღია სივრცე, რათა დამთვალიერებლების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

საქმეთა დროებით რწმუნებულმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული უსაფრთხო ტურისტული მიმართულება, სულ მალე კვლავ შეძლებს, მიიღოს უცხოელი ვიზიტორები და მათ შორის სერბი ტურისტებიც.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მინისტრმა ზორან ჯორჯევიჩმა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, განაცხადა, რომ გამოფენა სერბეთის მოქალაქეებს ახლოს გააცნობს საქართველოს სილამაზეს და როდესაც სამოგზაურო პირობები აღდგება, სერბეთის მოქალაქეები საქართველოს აირჩევენ, როგორც ერთ-ერთ პირველ ტურისტულ მიმართულებას, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულონ.

სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულმა დრაგან შაგოვნოვიჩმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის აქტიურ ურთიერთობებს და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს.

მისი თქმით, საქართველო, როგორც ღვინისა და მართლმადიდებლობის აკვანი, სერბეთის მოქალაქეებისთვის უაღრესად მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა.

ბელგრადის ყველაზე ხალხმრავალ პარკში მოქალაქეებს გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა 2 კვირის განმავლობაში ექნებათ.