სერბეთის პრეზიდენტმა უარი თქვა კომენდანტის საათის მეორედ გამოცხადებაზე მას შემდეგ, რაც ინიციატივას ბელგრადში ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა
სერბეთის პრეზიდენტმა უარი თქვა კომენდანტის საათის მეორედ გამოცხადებაზე მას შემდეგ, რაც ინიციატივას ბელგრადში ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა უარი თქვა კომენდანტის საათის მეორედ გამოცხადებაზე მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ინიციატივას ბელგრადში ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

7 ივლისს სერბეთის პრეზიდენტმა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ბელგრადში სამდღიანი სრული კარანტინის დაწესება დააანონსა, რასაც მოსახლეობის ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ათასობით დემონსტრანტი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა და პარლამენტის შტურმი სცადა.

საპროტესტო აქცია მეორე დღესაც გაგრძელდა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. კარანტინი და კომენდანტის საათი სერბეთში პარასკევიდან ორშაბათამდე უნდა გამოცხადებულიყო. როგორც ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, ის კვლავ მხარს უჭერს კარანტინის გამოცხადებას, თუმცა, სავარაუდოდ, კომენდანტის საათი არ დაწესდება.

ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებზე იმსჯელებს. კერძოდ, სავარაუდოდ, გამკაცრდება ჯარიმები ნიღბების პირბადეების ტარების წესის დარღვევისთვის, ასევე შემცირდება ღამის კლუბების მუშაობის საათები. კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად, სერბეთმა კარანტინის მარტის დასაწყისში გამოაცხადა, თუმცა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მაისის ბოლოს შეზღუდვები გააუქმა და 21 ივნისს საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა.

საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტ ვუჩიჩის მმართველი პარტია „სერბეთის პროგრესიული პარტია“ ხალხმრავალ აქციებს ატარებდა. კამპანიის მიმდინარეობისას საარჩევნო შტაბის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის პრეზიდენტის მრჩეველი, დაინფიცირდა.

ამჟამად სერბეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა. სერბეთში სულ „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 17 076 ადამიანს, 341 ინფიცირებული გარდაიცვალა.