სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და 17 დეკემბერს რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და 17 დეკემბერს რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა და 17 დეკემბერს რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. საპარლამენტო არჩევნები დაემთხვევა ადგილობრივ არჩევნებს 65 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ბელგრადში.

„ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როდესაც ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელია ერთიანობა სერბეთის სასიცოცხლო ინტერესებისთვის ბრძოლაში, სადაც ჩვენ მრავალი ზეწოლის ქვეშ ვიქნებით, როგორც კოსოვოსთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციის გამო, ისე სხვა რეგიონული და გლობალური საკითხების გამო“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

​პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის განკარგულების ხელმოწერისას ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობის, სტაბილურობისა, შიდა ერთიანობის შენარჩუნება და დემოკრატიის დემონსტრირება.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ვუჩიჩს მისცემს დამატებით დროს და შესაძლებლობას, გადაავადოს კოსოვოსთან კავშირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

გუშინ სერბეთში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა სერბეთსა და კოსოვოს, გააძლიერონ ძალისხმევა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.