სერბეთის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებმა ბელგრადის ცენტრში მორიგი აქცია გამართეს
ბელგრადის ცენტრში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციაში 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას, თავისუფალ მედიაგარემოსა და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვენ.
მომიტინგეები გამოდიან დევიზით „ერთი ხუთი მილიონიდან“. ამგვარად, ისინი ეხმაურებიან ვუჩიჩის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ დემონსტრანტების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციაზე ხუთი მილიონი ადამიანიც რომ მივიდეს.
სერბეთში საპროტესტო გამოსვლები 8 დეკემბრიდან იმართება. ამის მიზეზი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მემარცხენე პარტიის ლიდერის, ბორკო სტეფანოვიჩის ცემა გახდა. ინციდენტი 23 ნოემბერს სერბეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა. პოლიტიკოსზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები მალევე დააკავეს, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ახალ წლამდე გაათავისუფლეს.