სერბეთის პრეზიდენტი - საწყენია, რომ რუსეთში მეგობრულ ურთიერთობებს არ აფასებენ
სერბეთის პრეზიდენტი - საწყენია, რომ რუსეთში მეგობრულ ურთიერთობებს არ აფასებენ

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ჩანაწერს გამოეხმაურა. მან მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთში სერბეთის მეგობრულ ურთერთობებს არ აფასებენ.

„საწყენია, რადგან ამ მოლაპარაკებების დროსაც კი, მე ვიცავდი სერბეთის ურთიერთობებს რუსეთთან და უარი ვთქვი გათხევადებული გაზის შეძენაზე. არ აფასებს ხალხი იმას, რომ სერბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მოსკოვს სანქციები არ დაუწესა, არ აფასებენ, რომ სერბეთი სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური ქვეყანაა და არ აპირებს ნატო-ში შესვლას, არ აფასებენ, რომ იარაღს და გაზს რუსეთისგან ყიდულობს“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას მან განაცხადა, რომ მისთვის პატივი იყო ოვალურ კაბინეტში მიწვევა.

მსვამენ სკამზე. ჩვენ გვქონდა გულწრფელი საუბარი, რა დროსაც მე ვიცავდი, სერბეთის ჩინეთთან ურთიერთობასაც კი. და რა უნდა მეთქვა?! „რატომ არ მაქვს ისეთი მაღალი სავარძელი როგორც შენ, ამერიკის პრეზიდენტს? თუ უნდა წავსულიყავი, რადგან სკამმა შემიშალა ხელი? მე სკამებზე არ ვოცნებობ. მე ამ სკამზე დავჯექი სერბეთი პრობლემების გადასაჭრელად. საჭირო რომ ყოფილიყო ვიდგებოდი, ჩავიკუზებოდი კიდეც“ – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

საქმე ეხება ზახაროვას ჩანაწერს, რომელსაც მან სერბეთის პრეზიდენტის თეთრ სახლში სტუმრობის დროს გადაღებული ფოტო დაურთო. ამავე ჩანაწერს თან ახლავს შერონ სტოუნის სურათი ფილმიდან „ძირითადი ინსტინქტი“, ხოლო კომენტარში ზახაროვა მოუწოდებს ყველას, ვისაც თეთრ სახლში დაიბარებენ და სკამს ისე დაუდგამენ, თითქოს ის დაკითხვაზეა, ფილმ „ძირითად ინსტიქტში“ შერონ სტოუნის მიერ განსახიერებული გმირივით მოიქცეს.

ზახაროვს ამ კომენტარს სერბეთის მთავრობის წევრების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თავადაც გააკეთა. ზახაროვა ამბობს, რომ „ფეისბუქში“ დატოვებული ჩანაწერით, მას აშშ-ის ქედმაღლობისთვის უნდოდა გაესვა ხაზი.