სერბეთის პრეზიდენტი კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მოუწოდებს, გზების ბლოკირება განაგრძონ
სერბეთის პრეზიდენტი კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მოუწოდებს, გზების ბლოკირება განაგრძონ

სერბეთის პრეზიდენტი კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მოუწოდებს, გზების ბლოკირება განაგრძონ. ვიდეოგზავნილში, რომელიც ალექსანდრ ვუჩიჩმა სოციალური ქსელებით გაავრცელა, მადლობას უხდის სერბებს მისი მთავრობის მხარდაჭერისთვის და მოუწოდებს მათ, „იბრძოლონ სერბეთისთვის“.

სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე ვითარება უკვე რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. კოსოვოში მცხოვრებ სერბებს ბლოკირებული აქვთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მიმავალი ორი გზა. ამ გზით ისინი აპროტესტებენ კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც კოსოვოში მიმავალი სერბული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებისთვის შეზღუდვები და დამატებითი გადასახადი დააწესა.

აღსანიშნავია, რომ სერბეთის მთავრობას კოსოვოს სანომრე ნიშნების მქონე მანქანებისთვის ანალოგიური შეზღუდვები უკვე 10 წელია, დაწესებული აქვს.

დაძაბულობის ფონზე კოსოვომ სასაზღვრო რაიონებში სპეცდანიშნულების რაზმი გააგზავნა. ამასთან, კოსოვოს მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა, გააუქმოს შეზღუდვები და დაიწყოს მოლაპარაკებები სერბეთთან. თუმცა, სერბეთის პრეზიდენტმა ეს წინადადება უარყო და კოსოვოსთან საზღვარზე სამხედროები გააგზავნა, საჰაერო სივრცეში კი, სერბული ავიაცია გამოჩნდა.

საპასუხოდ, კოსოვოში მყოფმა ნატო-ს ძალებმა სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე პატრულირება გააძლიერეს.