სერბეთის პრეზიდენტი - კოსოვოსა და მეტოხიაში გაყინული კონფლიქტი გალღვა და შესაძლოა, სიტუაცია გაუარესდეს
კოსოვოში და მეტოხიაში სიტუაცია „გაყინული კონფლიქტის“ სტადიიდან გამოვიდა და შესაძლოა, გაუარესდეს – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
ვუჩიჩის თქმით, პროშტინაში ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ სავაჭრო გადასახადების გაუქმებას უახლოეს მომავალში არ გეგმავენ.
„ვშიშობ, ჩვენ გამოვედით იქედან, რასაც გაყინული კონფლიქტი ერქვა. დღეს მხოლოდ ვითარების გაუარესებას ველოდებით. ეს კონფლიქტი, სამწუხაროდ, გალღვა. ჩვენს წინაშე რთული პერიოდია, თუმცა ვცდილობთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ეროვნული ინტერესები“, – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.
კოსოვომ სერბეთიდან და ბოსნია ჰერცოგოვინადან შესულ პროდუქციაზე გადასახადები გასული წლის 21 ნოემბერს დააწესა.