სერბეთის პრეზიდენტი ევროპულ სოლიდარობას „ზღაპარს“ უწოდებს
სერბეთის პრეზიდენტი ევროპულ სოლიდარობას „ზღაპარს“ უწოდებს

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ევროპულ სოლიდარობას „ზღაპარს“ უწოდებს და ამბობს, რომ მხოლოდ ჩინეთს შეუძლია, დახმარების გაწევა კორონავირუსის წინააღმდეგ რეაგირებაზე.

ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროკავშირი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ორგანიზაციამ სერბეთში სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტზე უარი უთხრა.

„ევროპული სოლიდარობა არ არსებობს. ეს იყო ფურცელზე დაწერილი ზღაპარი. დღეის მონაცემებით, როგორც იცით, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ჩვენ პროდუქციის იმპორტიც კი არ შეგვიძლია.

ჩვენ შევევედრებით ჩინეთის მოქალაქეებს, რომ ჩამოვიდნენ და ყველაფერში დაგვეხმარონ“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

ევროკავშირმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც არაწევრი ქვეყნებისთვის სამედიცინო პროდუქციის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა.

სერბეთში „კოვიდ-19“-ის 55 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უცხოეთიდან დაბრუნებული ადამიანებისთვის 14 -დღიანი სავალდებულო კარანტინი დაწესდა.