სერბეთის პრეზიდენტი - აშშ-ის მოწოდება, მშვიდობისმყოფელებმა კოსოვო დატოვონ, სერბეთს მოსახლეობის დაცვას აიძულებს
აშშ-ის მოწოდება, რომ მშვიდობისმყოფელებმა კოსოვო დატოვონ, სერბეთს საკუთარი მოსახლეობის დაცვას აიძულებს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ზომების მიღებას აპირებს სერბეთი კოსოვოში, რომელმაც სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ეთნიკური ალბანელების ხელმძღვანელობით კოსოვოს არმიის შესაძლო ფორმირება ქვეყანას თავდაცვითი ზომების მიღებას აიძულებს. ვუჩიჩმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ გასულ კვირას კოსოვოდან გაერო-ს სამშვიდობოების „გასვლის სტრატეგიაზე“ ისაუბრა. გაერო-ს გენერალური მდივნისადმი გაკეთებულ მიმართვაში ჰეილიმ თქვა, რომ გაერო-მ რთულ კონფლიქტს თავი გაართვა და ამჟამად კოსოვო უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოა.