სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არ გახანგრძლივდება
სერბეთში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არ გახანგრძლივდება. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
ვუჩიჩის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას პარლამენტი 6 მაისს უყრის კენჭს.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სერბეთში მარტის შუა რიცხვებიდან დაიხურა საზღვრები და აეროპორტები, ასევე, გამოცხადდა კომენდანტის საათი.
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიზეზად პრეზიდენტმა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის შემცირება დაასახელა.
„პირობები დაკმაყოფილებულია. ჩვენ აღარ უნდა გქვონდეს კომენდანტის საათი ხუთშაბათისთვის“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
სერბეთში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 9 464 შემთხვევა. გარდაცვლილია 193 ადამიანი.
მომავალი კვირიდან სერბეთში აღდგება ავტობუსებისა და მატარებლების გადაადგილება. სოციალური დისტანცირების წესების დაცვით გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, კაფეები და რესტორნები.