სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანტისამთავრობო აქციების ფონზე აცხადებს, რომ გადადგომისთვის მზად არის
სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანტისამთავრობო აქციების ფონზე აცხადებს, რომ გადადგომისთვის მზად არის

სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე აცხადებს, რომ მზად არის, გადადგეს. ამის შესახებ ბრნაბიჩი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ნებისმიერ მომენტში მზად ვარ, გადავდგე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და სერბეთის პრეზიდენტმა ეს იცის, თუმცა ჯერჯერობით ის უარს ამბობს. შესაძლებელია, პრეზიდენტმა გადაიფიქროს“, – წერს ანა ბრნაბიჩი.

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მზადაა შესაძლო განმეორებითი საპარლამენტო არჩევნებისთვის და აუცილებლად რჩება სერბეთისა და სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ერთგული.

შეგახსენებთ, 3 მაისს ბელგრადის სკოლის 13 წლის მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღით რვა მოსწავლე და დაცვის ერთი თანამშრომელი მოკლა, ერთი დღის შემდეგ კი ბელგრადში 21 წლის ახალგაზრდამ რვა ადამიანი მოკლა და 14 დაჭრა. ამ შემთხვევების შემდეგ სერბეთში მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც უკვე მეხუთე კვირაა, მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები მაღალი თანამდებობის პირების, კერძოდ, სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვენ.