სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე - საქართველო არასდროს გამოსულა ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ
საქართველო არასდროს გამოსულა სერბეთის ინტერესების წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც საუბარი შეეხება ე.წ. კოსოვოს რესპუბლიკის აღიარებას. შესაბამისად, ჩვენც არასდროს გამოვალთ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, – ეს განცხადება სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, მაია გოიკოვიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოსა და სერბეთის საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს პარლამენტებს შორის პარტნიორობის ხელშეკრულებასაც.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში სერბეთში გაიხსნება საქართველოს საპატიო საკონსულო. გამოცხადდა, რომ თბილისსა და ბელგრადში იგეგმება საელჩოების გახსნაც. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ პროტოკოლს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გაღრმავებას. ეს დოკუმენტი ნიშნავს მეტ თანამშრომლობას ევროინტეგრაციის კუთხითაც. ჩვენი საერთო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. განვიხილეთ ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული თემატიკა. ეს არის სფერო, სადაც პოლიტიკურ ურთიერთობებთან შედარებით, ჯერ კიდევ ჩამორჩენა გვაქვს. ვაჭრობის გარდა, პოტენციალი გვაქვს ტურიზმში. უკვე ამოქმედდა ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი. განვიხილეთ პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შესაძლებლობაც. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს საერთაშორისო სამართლის, სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა გოიკოვიჩმა.