სერბეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გაზსადენზე დივერსიის მცდელობა აღკვეთეს
სერბეთის ხელისუფლება გაზსადენზე დაგეგმილი დივერსიის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. სერბეთში განაცხადეს, რომ გაზსადენზე დივერსიის მცდელობა აღკვეთეს.
კანიჟის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, ინფრასტრუქტურულ ობიექტთან აღმოჩენილია საეჭვო საგნები. სერბული მედიის ცნობით, ადგილზე გაიგზავნა 140 სამხედრო და პოლიციელი, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
მედიის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები, სამხედრო პოლიციასა და სერბეთის არმიის სხვა დანაყოფებთან ერთად, დილიდან ახორციელებენ ტერიტორიის ბლოკირებასა და ჩხრეკას კანიჟის მუნიციპალიტეტში, რათა აღმოაჩინონ ისეთი საგნები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლესა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
პოლიციამ და სამხედროებმა გადაკეტეს რამდენიმე გზა კანიჟის მუნიციპალიტეტში. სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კანიჟის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ორი დიდი პაკეტი ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორებით. მისივე თქმით, სერბეთის არმიამ შეძლო ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედების აღკვეთა.
სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ. მისივე თქმით, დივერსია თუ განხორციელდებოდა, უნგრეთი და ჩრდილოეთ სერბეთი გაზის გარეშე დარჩებოდნენ.
ალექსანდრ ვუჩიჩის განმარტებით, ასაფეთქებელი ნივთიერებები იმდენად ძლიერი იყო, რომ შეიძლებოდა, მრავალი ადამიანის სიცოცხლისთვის შეექმნა საფრთხე, ასევე, ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა.