სერბეთი ევრაზიული კავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შევიდა
სერბეთი ევრაზიული კავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შევიდა

სერბეთი ევრაზიული კავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შევიდა. შესაბამის შეთანხმებას ხელი სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ნინა ბრნაბიჩმა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს მოაწერა. რუსეთის მხრიდან შეთანხმებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.

დოკუმენტის საფუძველზე, ამიერიდან სერბეთი ევრაზიული კავშირის წევრ სახელმწიფოებში პროდუქტის თითქმის 100 პროცენტის ექსპორტს ტარიფების გარეშე განახორციელებს. გადასახადი დარჩება მხოლოდ ავტომობილის ექსპორტზე.

რუსული მედიის ინფორმაციით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სავარაუდოდ ორი ათასი ტონა სიგარეტის, 400 ტონა ყველის და 90 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტს ითვალისწინებს. სწორედ აღნიშნული პროდუქტის ექსპორტს განახორციელებს სერბეთი.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი 2015 წლის პირველ იანვარს შეიქმნა. ეკონომიკური ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.