სერ სტიუარტ პიჩი - ნატო მიესალმება საქართველოს ძალისხმევას, მშვიდობით მოაგვაროს საკითხები ორივე ოკუპირებულ რეგიონში
სერ სტიუარტ პიჩი - ნატო მიესალმება საქართველოს ძალისხმევას, მშვიდობით მოაგვაროს საკითხები ორივე ოკუპირებულ რეგიონში

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დიდ პატივს სცემს და აღიარებს საქართველოს საერთაშორისო საზღვარს, რომელშიც შედის როგორც აფხაზეთი, ასევე სამხრეთ ოსეთი, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ და ავიაციის მთავარმა მარშალმა, სერ სტიუარტ პიჩმა განაცხადა.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ეს უკვე მესამე მუდმივი სესიაა, რომელიც საქართველოში ტარდება.

„წინა შეხვედრები 2015-2017 წლებში ჩატარდა. ერთ-ერთი ყველაზე ხილვადი სამხედრო თანამშრომლობის მაგალითია საქართველო-ნატო-ს წვრთნები, რომელსაც ჩვენ ხვალ ვეწვევით. ეს უკვე მეორე შეხვედრაა, როდესაც საქართველომ და ნატო-მ ეს წვრთნები ჩაატარეს, რომელმაც თავი მოუყარა ალიანსის 21 წევრს და სხვა პარტნიორებს. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ხაზს უსვამს, რა მნიშვნელობას ანიჭებს ალიანსი საქართველოსთან თანამშრომლობას და ჩვენს მისწრაფებას, გაღრმავდეს ურთიერთობა. ბატონო მინისტრო, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და სამხედრო კომიტეტის სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ისევე, როგორც სხვა წევრებს, თქვენი ასეთი გულთბილი მასპინძლობისთვის. თქვენ ხართ ღირსეული პარტნიორი და მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი მისიებში მონაწილეობით. ჩვენი პარტნიორობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. საქართველო არის ნატო-ს არაწევრი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა, რომელსაც შეაქვს უდიდესი წვლილი ამ მისიებში.

სამხედრო პირებმა ავღანეთში იციან, თუ რამდენად ვცემთ პატივს მათ თავდადებას ამ ძალისხმევაში. ამ თანამშრომლობით ჩვენ გავხდით მეტად ძლიერნი, ვიდრე აქამდე ვიყავით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი, რისთვისაც ალიანსი მადლობელია. რა თქმა უნდა, ეს შენატანი ძვირად დაუჯდა ძალიან ბევრ ქართულ ოჯახს, რომელთა დანაკარგსაც მათთან ერთად ვიზიარებ“, – აღნიშნა სერ სტიუარტ პიჩმა.

​მისი თქმით, ნატო-ს სამხედრო კომიტეტი მიიღებს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე სამხედრო რეფორმებზე და იმ პრაქტიკულ ელემენტებზე, რომლებიც არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება.

„ასევე, მოგვეწოდება ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების მდგომარეობაზე როგორც აქ, ასევე რეგიონში. ალიანსი დიდ პატივს სცემს და აღიარებს საქართველოს საერთაშორისო საზღვარს, რომელშიც შედის როგორც აფხაზეთი, ასევე სამხრეთ ოსეთი. ნატო ასევე მოუწოდებს რუსეთს, მის მიერ აღიარებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს სამხედრო ძალები. ნატო ასევე მიესალმება საქართველოს ძალისხმევას, მშვიდობით მოაგვაროს საკითხები ორივე რეგიონში. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით“, – განაცხადა სერ სტიუარტ პიჩმა სიტყვით გამოსვლისას.

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში ნატო-ს სამხედრო კომიტეტი თბილისში სხდომას მართავს. სესიას უძღვებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი.