სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელი ლეონიდ პასეჩნიკი აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ლუგანსკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა
რუსეთის არმიამ უკრაინის ლუგანსკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელმა, ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა.
რუსული მედიის მიხედვით, გასული წლის ბოლოდან რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს შეტევა დონბასში.
იანვარში რუსეთის არმიამ დაიკავა ნოვოგოროვკა, ხოლო თებერვლის ბოლოს – ნოვოლიუბოვკა.
დეკემბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელუსოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგიონის ტერიტორიის ერთ პროცენტზე ნაკლებს აკონტროლებდნენ. იგივე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის მარტში.
რუსული მედია წერს, რომ რუსეთის არმია ასევე აკონტროლებს დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიების 70 პროცენტზე მეტს.