„სენტ-ეტიენის“ მწვრთნელი - კლუბს ფინანსურად არ უჭირს, დავითაშვილისა და სტასინის გაყიდვის აუცილებლობა არ არსებობს #1TVSPORT
იმ დროს, როდესაც ევროპული მედია საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითებული „სენტ-ეტიენიდან“ ლიდერების, ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასინის ტრანსფერის ვარიანტებს განიხილავს, გუნდის ნორვეგიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ჰორნელანდმა განაცხადა, რომ ლიდერების გაყიდვის საჭიროება არ აქვთ.
„ჩვენი გუნდის ლიდერების შესაძლო ტრანსფერები ჩვენზეა დამოკიდებული. ამ ფეხბურთელებთან კლუბს კონტრაქტები აკავშირებს. სასიხარულოა, რომ ჩვენს ფეხბურთელებს უფრო მაღალ დონეზე თამაშის ამბიცია აქვთ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ფეხბურთელები „სენტ-ეტიენის“ ნაწილი იყვნენ.
ფინანსური მდგომარეობა ბევრს განსაზღვრავს, „სენტ-ეტიენს“ კი ამ მხრივ პრობლემა არ აქვს. ამიტომ ლიდერების გაყიდვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ თუ მაინც წავლენ, ეს მხოლოდ ჩვენი პირობებით მოხდება. მჯერა, ისინი „სენტ-ეტიენში“ თამაშზე იქნებიან კონცენტრირებულნი“.
ფრანგული მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველით (რომელიც ამჟამად ახალი სეზონისთვის „სენტ-ეტიენთან“ ერთად ემზადება) ლიგა 1-ის სამი კლუბი დაინტერესდა, ხოლო თურქული მედია ამტკიცებს, რომ ზურიკო დავითაშვილის „ბეშიქთაშში“ გადასვლა გადაწყვეტილია.