„სენტ-ეტიენი“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერისთვის 20 მილიონ ევროს ითხოვს #1TVSPORT
მიმდინარე ზაფხულს ზურიკო დავითაშვილის წასვლის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე. ქართველი გარემარბის გადაბირებისთვის არაერთი კლუბი იბრძვის, თუმცა „სენტ-ეტიენი“ მის 20 მილიონ ევროზე ნაკლებად გაშვებას არ აპირებს, – ამ ინფორმაციას ერთდროულად Geo Team-ი და Peuple-Vert.fr-ი ავრცელებენ.
Geo Team-ის ვერსიით, ფრანგული კლუბი ქართველი ფეხბურთელის თაობაზე 20 მილიონ ევროზე ნაკლები ღირებულების წინადადებას არ განიხილავს. „სენტ-ეტიენისთვის“ სასურველი შეთავაზება არც „ატალანტას“ წარუდგენია – იტალიელები მხოლოდ 10-12 მილიონ ევროს იხდიან, ხოლო „ბეშიქთაშისა“ და „ოლიმპიაკოსის“ ვარიანტები მიუღებელი პირობების გამო უკვე უარყვეს.
„ზურიკო დავითაშვილის წასვლა ისეთი რეალურია, როგორც არასდროს. კლუბი იმედოვნებს, რომ ქართველი შემტევის გაყიდვით, რომელიც თავის დროზე „ბორდოდან“ 6 მილიონ ევროდ შეიძინა, მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას მიიღებს.
იტალიის სერია A-ს ბინადარი ბერგამოს „ატალანტა“ მზადაა, ფრანგებს 10-დან 12 მილიონ ევრომდე შესთავაზოს. თუმცა, „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობა კომპრომისზე არ მიდის და დავითაშვილის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონი ევროს მიღება სურს. ქართველი ფეხბურთელი ხომ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივია“, – ვკითხულობთ Peuple-Vert.fr-ის სტატიაში.