სენსაციების ტური პრემიერლიგაში
სენსაციების ტური პრემიერლიგაში

ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში ორი სენსაცია მოხდა. საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ დამარცხდნენ.

„სიტიმ“ 2:3 „კრისტალ პალასთან“ წააგო. გვარდიოლას გუნდი თავიდან ილქაი გიუნდოგანის გოლით იგებდა, 51-ე წუთისთვის 1:3 ჩამორჩა, რის შემდეგაც, 85-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა მეტი ვეღარ შეძლეს. ეს იყო „სიტის“ პირველი წაგება შინ და მეორე მარცხი ბოლო სამ მატჩში.

„ჩელსიმ“ ასევე საკუთარ მოედანზე წააგო და ამ გუნდის საშინაო, 12-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა. „არისტოკრატები“ „ლესტერთან“ დამარცხდნენ – 0:1. ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე ჯეიმი ვარდიმ გაიტანა.

„სიტის“ პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ოთხი ქულით გაექცა ლიდერი „ლივერპული“, რომელმაც თავისი შეხვედრა პარასკევს ჩაატარა და 2:0 „ვულვერჰემპტონს“ მოუგო.

„ჩელსი“ კი მეოთხე ადგილზე დარჩა, მაგრამ მას ქულებით „არსენალი“ გაუთანაბრდა, რომელმაც 3:1 მოუგო „ბარნლის“.